სტუდენტური ორკესტრი ჩამოყალიბდა 1920 წელს და წარმოადგენს თბილისის კონსერვატორიის მუსიკალური ცხოვრების თავისებურ მატიანეს. ორკესტრის ისტორია დაკავშირებულია გამოჩენილ მუსიკოსებთან, მათ შორის - ვ. ჰოროვიცთან, მ. პოლიაკინთან, ე. პეტრისთან და სხვ. სხვადასხვა წლებში ორკესტრს ხელმძღვანელობდნენ ცნობილი დირიჟორები: ე. მიქელაძე, ო. დიმიტრიადი, დ. მირცხულავა, ჯ. გოკიელი, ზ.ხუროძე, ვ. ფალიაშვილი, ო. საფარიშვილი, რ.ტაკიძე, გ. აზმაიფარაშვილი. კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის ჩამოყალიბებასა და მისი პროფესიული დონის ამაღლებაში უდიდესი როლი მიუძღვის გამოჩენილ მუსიკოსსა და დირიჟორს ლევ მარკიზს.




1978 წელს ორკესტრმა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის ოთარ საფარიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ჰერბერტ ფონ კარაიანის მიერ დააარსებულ ახალგაზრდული ორკესტრების საერთაშორისო კონკურსზე, სადაც ოქროს მედლით დაჯილდოვდა.


1979 წელს ორკესტრი მიიწვიეს ახალგაზრდული ორკესტრების IV საერთაშორისო ფესტივალზე (ქ. ევიანი, საფრანგეთი), რომელსაც მოჰყვა ტურნე საფრანგეთისა და გერმანიის ქალაქებში.


1980 წელს ორკესტრი მონაწილეობდა ”შემოდგომის ფესტივალში” (ქ. ბრატისლავა) და გამოდიოდა ჩეხოსლოვაკიის ქალაქებში.


ბოლო ათწლეულის პოლიტიკურმა მოვლენებმა და ეკონომიკურმა სიძნელეებმა უა­რ­ყოფითად იმოქმედეს კონსერვატორიის ცხოვრებაზე. მხოლოდ 2001 წელს გახდა შე­საძ­ლებელი ორკესტრის ნორმალური ცხოვრების აღდგენა. ორკესტრს ხელმძღვა­ნე­ლობ­და კონსერვატორიის პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მოღვაწე ავთა­ნდილ მამაცაშვილი. ორკესტრის რეპერტუარში შევიდა დასავლეთ ევროპული, რუსი და ქართველი კომპოზიტორების მნიშვნელოვანი ნაწარმოებები.


2003 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი მუსიკოსი - ლევ მარკიზი (ნიდერლანდები).



ამჟამად სტუდენტური ორკესტრი აერთიანებს 80-მდე სტუდენტს. ორკესტრს ჰყავს ინსპექტორი - ვახტანგ ონანაშვილი და ბიბლიოთეკარი გიორგი ვართანოვი.

2003 წელს ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს - ლევ მარკიზს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა, ხოლო 2004 წლიდან იგი თბილისის საპატიო მოქალაქეა.


მოკლე ვადაში ლევ მარკიზის ხელმძღვანელობით კოლექტივმა მიაღწია სერიოზულ წარმატებებს. 2003 წლის სექტემბერში მან მონაწილეობა მიიღო ბეთჰოვენის ფესტივალში ქ. ბონში (გერმანია), (დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე), ხოლო 2003 და 2004 წლის დეკემბერში მონაწილეობდა კონსერვატორიის დიდი დარბაზის საერთაშორისო საახალწლო ფესტივალში (დირიჟორი ლევ მარკიზი).




2004 წლის მაისში ორკესტრმა კონცერტები გამართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (თელავი, გორი).


2005 წლის 16-21 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა კონცერტების სერია მიძღვნილი გია ყანჩელის დაბადების 70 წლისთავისადმი. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო რვა პრემიერა - პირველად საქართველოში შესრულდა გია ყანჩელის ნაწარმოებები. კონცერტებში კონსერვატორიის სტუდენტურ ორკესტრთან ერთად მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლები. მათ შორის, ჰოლანდიიდან ჩამოსული ცნობილი მუსიკოსები: დიმიტრი ფერშტმანი, მარკუს ვაისი, მართა ბოში, ბარტ სუტერსი და სხვ.

 

ორკესტრის მენეჯერი ლიკა ნაცვლიშვილი.

კონტაქტები:
ტელეფონი: (+995 32) 2 99 91 44

ელ-ფოსტა: orchestra@tsc.edu.ge