საეკლესიო მუსიკის ლაბორატორია

საეკლესიო მუსიკის ლაბორატორია დაარსდა 2007 წელს  ქართული ხალხური სამუსიკო შემოქმედების მიმართულებაზე (თავდაპირველად ქართული საერო და სასულიერო კვლევითი ლაბორატორიის, შემდგომ კი - სასულიერო მუსიკის ლაბორატორიის სახელწოდებით) პროფესორ მანანა ანდრიაძის ინიციატივით, რომელიც კოორდინაციას უწევდა სასულიერო მუსიკის კვლევის ჯგუფს.  2007-2008  სასწავლო წლიდან ლაბორატორია გამოეყო ქართული ხალხური სამუსიკო შემოქმედების მიმართულებას და საეკლესიო მუსიკის ახლად შექმნილ მიმართულებასთან განაგრძო არსებობა. დაარსების დღიდან ლაბორატორიას ხელმძღვანელობს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მაგდა სუხიაშვილი.

საეკლესიო მუსიკის ლაბორატორიაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელშიც თავმოყრილია ძველი სასულიერო მუსიკისა და მომიჯნავე დარგების (ლიტურგიკა, სასულიერო პოეზია, თეოლოგია)  სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურა, საგალობელთა სანოტო კრებულები და ხელნაწერთა ფოტოპირები. ლაბორატორიაში დაცულია ასევე  მუსიკისმცოდნე გივი ლორთქიფანიძის პირადი არქივი.ლაბორატორიის ხელმძღვანელის ინიციატივით 2015 წლიდან დაარსდა ექვთიმე კერესელიძის სახელობის  მუდმივმოქმედი სემინარი, რომლის ფარგლებში ტარდება შეხვედრები მეცნიერ-მკვლევრებთან, რომლებიც სწავლობენ საეკლესიო მუსიკას, ჰიმნოგრაფიასა და ლიტურგიკას.

შეხვედრებზე მიმდინარეობს საინტერესო დისკუსიები საეკლესიო გალობასთან დაგავშირებული პრობლემატიკის ირგვლივ.ლაბორატორიის თანამშრომლები აწარმოებენ სამეცნიერო-კვლევით,   სამეცნიერო მეთოდურ და პრაქტიკულ მუშაობას. ისინი მონაწილეობენ სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, აქვეყნებენ სამეცნიერო  პუბლიკაციებს როგორც კონსერვატორიის, ისე სხვა ადგილობრივ და უცხოურ გამოცემებში; აქტიურად საქმიანობენ  სხვადასხვა არქივებსა და მუზეუმებში (მათ შორის, საოჯახო არქივებში) დაცული საგალობელთა უცნობი ნევმირებული თუ ნოტირებული ხელნაწერების, მგალობელთა და სასულიერო მუსიკის მკვლევართა საარქივო მასალების მოძიება-გამოვლენის, მათი ციფრული ვერსიების მოპოვებისა და   სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვის მიზნით; მონაწილეობენ კონსერვატორიის სასწავლო პროცესში.

ლაბორატორიაში შექმნილია კომფორტული სამუშაო და სასწავლო გარემო საეკლესიო მუსიკის სპეციალობის სტუდენტ-მუსიკისმცოდნეთათვის. როგორც სტუდენტებს, ისე პროფესორ-მასწავლებლებს მუშაობაში დიდ დახმარებას უწევს ლაბორატორიის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნადი ფონდი და ხელნაწერთა ციფრული ვერსიები. ლაბორატორიის თანამშრომლები დახმარებას და კონსულტაციას უწევენ არა მხოლოდ სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან გალობის პრაქტიკულ ცოდნას ან აწარმოებენ კვლევით მუშაობას, არამეტ ყველა დაინტერესებულ პირს.

 

საეკლესიო მუსიკის ლაბორატორიის თანამშრომლები:

ლაბორატორიის ხელმძღვანელი:  მაგდა სუხიაშვილი

სპეციალისტი: ეკატერინე ყაზარაშვილი