მცირე დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა 1904 წლის 4 ნოემბერს (არქ. ა. შიმკევიჩი). 300 ადგილიანი დარბაზის დამთავრებისათვის სამმა მეცენატმა გაიღო თანხა: კ. ალიხანოვმა და ძმებმა იაკობ და სტეფანე ზუბალაშვილებმა.
დარბაზის არქიტექტორული გაფორმება ეკუთვნის ცნობილ მხატვარ-დეკორატორს ნოვიკს, რომელმაც დარბაზის შიდა კედლები და ჭერი მოდერნის სტილის ძერწილი ჩუქურთმებით მორთო და მოავარაყა; კედლების გასწვრივ, დიდი კომპოზიტორების (ი.ს. ბახის, ლ.ვ. ბეთჰოვენის, მ. გლინკას, ვ.ა. მოცარტის) ბიუსტებია განლაგებული; ხოლო მისი გარე ფასადი გაფორმებულ იქნა რენესანსის სტილში. დარბაზის ელექტროგანათებისა და მოპირკეთების სამუშაოები მთლიანად შუკერტის ფირმამ შეასრულა.
დაარსების დღიდან კონსერვატორიის მცირე დარბაზი თბილისის საკონცერტო ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. აქ კონცერტებს მართავდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული უცხოელი მუსიკოსები: ეგონ პეტრი, კონსტანტინ იგუმნოვი, ჰენრიხ ნეიჰაუზი, ვლადიმერ ჰოროვიცი, სვიატოსლავ რიხტერი და მრავალი სხვა.
აქ აიდგეს ფეხი გამოჩენილმა ქართველმა მუსიკოსებმა: ელისო ვირსალაძემ, მანანა დოიჯაშვილმა, ელისო ბოლქვაძემ, ალექსანდრე კორსანტიამ, ლექსო თორაძემ, ნოდარ ანდღულაძემ, თემურ გუგუშვილმა, პაატა ბურჭულაძემ, ლადო ათანელმა, ეთერ ჭყონიამ, მაყვალა ქასრაშვილმა, ზურაბ სოტკილავამ, ზურაბ ანჯაფარიძემ და მრავალმა სხვამ.
100 წლის თავზე დარბაზის ისტორია განმეორდა. დროისა და მიწისძვრისგან დაზიანებულ დარბაზს ”ქართუ ჯგუფის” ხელშეწყობით და ფინანსური დახმარებით ჩაუტარდა რესტავრაცია და მოხდა მისი პირვანდელი სახით აღდგენა. 2005 წლის 27 სექტემბერს შედგა განახლებული დარბაზის საზეიმო გახსნა.
დღეს დარბაზი გათვლილია 200 ადგილზე, გამოირჩევა შესანიშნავი აკუსტიკით, გათვალისწინებულია როგორც კამერული, ასევე სოლო კონცერტებისათვის. დარბაზს გააჩნია ციფრული ხმის ჩამწერი სტუდია, ორი “Steinwey & Sons” -ის და ”Yamaha” -ას ფირმის საკონცერტო როიალი.
მცირე დარბაზში ტრადიციულად ტარდება სახელმწიფო კონსერვატორიის გამოცდები, კლასის კონცერტები, ღია აკადემიური, სოლო კონცერტები და კონკურსები.
დარბაზის მენეჯერი - დალი მახარაძე
კონცერტების კოორდინატორი - ნანა სტრაჟევსკაია
კონტაქტი:
ტელ.: (+995 32) 298 71 82
ფაქსი: (+995 32) 298 71 82
ელ-ფოსტა: recitalhall@tsc.edu.ge