კონსერვატორიის დიდი დარბაზი აიგო 1938-41 წლებში კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქციის დროს (არქ. შ. თავაძე), საზეიმოდ გაიხსნა 1942 წლის 28 იანვარს და დღიდან დაარსებისა თბილისის საკონცერტო ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად იქცა.

სხვადასხვა წლებში ამ დარბაზში კონცერტებს მართავდნენ და დღესაც გამოდიან მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, მათ შორის:  ვ. ფერერო, რ. კერერი, ს. რიხტერი, ე. გილელსი, გ. ნეიჰაუზი, ა. ვირსალაძე, ლ. კოგანი, დ. ოისტრახი, მ. როსტროპოვიჩი, გ. ვიშნევსკაია, ე. ობრაზცოვა, დ. ანდღულაძე, ნ. ანდღულაძე, მ. ამირანაშვილი, ც. ტატიშვილი, ზ. ანჯაფარიძე, თ. მუშკუდიანი, ზ. სოტკილავა, მ. ქასრაშვილი, ე. ჭყონია, პ. ბურჭულაძე, ვ. გამგებელი, ი. ალიბეგაშვილი, ლ. ათანელი, ბ. მაისურაძე, ე. მგალობლიშვილი, გ. გროდბერგი, მ. იაშვილი, ლ. ისაკაძე, ი. ბაშმეტი, ვ. სპივაკოვი, გ. კრემერი, ჟ. პულე, ნ. გუტმანი, თ. გაბარაშვილი, ფ. ლოლო, თ. ამირეჯიბი, დ. ბაშკიროვი, ლ. ვლასენკო, ე. ვირსალაძე, მ. ვოსკრესენსკი, ა. კორსანტია, დ. ალექსეევი, ლ. ლეონსკაია, ლ. ჩიჟიკი,  ბ. ბერეზოვსკი, მ. დოიჯაშვილი, ლ. მარკიზი, და სხვ;  აგრეთვე,  ახალგაზრდა თაობის საერთაშორისო დონეზე აღიარებული მუსიკოსები.

60-იანი წლებიდან, პოლიტიკური დათბობის პირობებში აღდგა უცხოელი მუსიკოსების გასტროლების ტრადიცია თბილისში.

1963 წელს მოხდა კონსერვატორიის დიდ დარბაზში ”Alexander Schuke Potsdam-”ის ფირმის 3 მანუალიანი, 40 რეგისტრიანი ორგანის კურთხევა. მისი ტემბრული და რეგისტრული თავისებურებები დარბაზის აკუსტიკაზე იყო გათვალისწინებული. წლების მანძილზე მასზე უკრავდნენ ცნობილი ორგანისტები: ე. მგალობლიშვილი, ი. ბრაუდო, ლ. როიზმანი, ჰ. ლეპნურსი ვ. შეტელიხი,  ჯ. გიიუ, რ. ენგსო, ჯ. დალტონი, ნ. როსტორნი, კ. ვადი.


80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო, ათი წლით შეწყდა დიდი დარბაზის ფუნქციონირება. კონსერვატორიის ახლანდელი რექტორის, პროფესორ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო დიდი დარბაზის აღდგენა - რეკონსტრუქცია.

1997 წლიდან იგი კვლავ იქცა დედაქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად.


დარბაზი გათვლილია 500 ადგილზე, გამოირჩევა შესანიშნავი აკუსტიკით, გათვალისწინებულია როგორც კამერული, ისე სიმფონიური მუსიკის კონცერტებისათვის, ხოლო მოძრავი სცენა და საორკესტრო ორმო საოპერო სტუდიის სპექტაკლების დადგმის საშუალებას იძლევა. დიდ დარბაზს გააჩნია ციფრული ხმის ჩამწერი სტუდია, ”Steinway & Sons” ფირმის ორი საკონცერტო როიალი და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც პასუხობს თანამედროვე საკონცერტო დარბაზების საერთაშორისო სტანდარტებს.

დაარსების დღიდან, დიდი დარბაზის საკონცერტო ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფო კონსერვატორიის სასწავლო პროცესს (კონსერვატორიის სტუდენტების მონაწილეობა სასწავლო პროგრამით არის გათვალისწინებული) და ფილარმონიულ კონცერტებთან; კონსერვატორიის დიდ დარბაზში ტრადიციულად ტარდება ყოველწლიური ფესტივალი "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები”, კამერული ანსამბლების  ფესტივალი, ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე”, ჩასაბერ საკრავთა თბილისის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობენ თანამედროვეობის გამოჩენილი მუსიკოსები; საქართველოს მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსი, ფ. შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა კონკურსი, პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი. აგრეთვე ტარდება: მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმი; კლასიკური და ხალხური შემოქმედების კონცერტები, ჯაზის საღამოები, სამხატვრო გამოფენები, წიგნის პრეზენტაციები.