პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ქალბატონი მანანა დოიჯაშვილი (ცნობილი ქართველი პიანისტი, 2000-2012 წლებში კონსერვატორიის რექტორი, 2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოადგილე) დაჯილდოვდა პოლონური კულტურის ღირსების ორდენით, რომელიც წარმოადგენს პოლონეთის სახელმწიფოს უმაღლეს ჯილდოს კულტურის სფეროში.
მანანა დოიჯაშვილს ჯილდო მიენიჭა პოლონურ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის და მისი პოპულარიზაციისთვის, ასევე ქართულ-პოლონურ ურთიერთობების განვითარებისა და განმტკიცებისთვის.
ჯილდოს გადასაცემად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას პოლონეთის ელჩი საქართველოში ბ-ნი ანდრეი ჩიეშკოვსკი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები ეწვივნენ.
ორდენის გადაცემა ფ. შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა კონკურსის ლაურეატთა დაჯილდოვების დღეს მოხდა.
აღნიშნული კონკურსი ქ-ნ მანანა დოიჯაშვილმა 2008 წელს დააარსა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას პოლონეთის სამი ქალაქის: კრაკოვის, პოზნანისა და კატოიცის მუსიკის აკადემიებთან ორმხრივი ურთიერთობის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული, ასევე 2015 წ. მიღებული აქვს ერასმუსი კრაკოვის მუსიკის აკადემიასთან. ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტთან ერთად ხშირად ხორციელდება პროექტები, განსაკუთრებით სტუდენტური ორკესტრის კუთხით. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ყოველ წელს აგზავნის სტუდენტებს პოლონურ პროექტში I, Culture Orchestra, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამორჩეული სტუდენტები მონაწილეობენ.