სამშაბათს, 29 დეკემბერს, ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ტექნოლოგიის სტუდიაში შედგება შეხვედრა Juilliard-ის და Columbia University-ს მაგისტრანტ ზურა კობახიძესთან.
კვირის თემა - მუსიკოსი 21-ე საუკუნეში
სტუმარი - ზურა კობახიძე
დასაწყისი 18:00 საათზე.
დასწრება თავისუფალია.
ზურა კობახიძე აშშ-ში მოღვაწე წარმატებული ქართველი ხელოვანია. ზურა, სწავლობს ჯულიარდის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე, როგორც Arthur Gold and Robert Fizdale-ის პრესტიჟული სასწავლო გრანტის მფლობელი. სრულიად ჯულიარდის მაშტაბით, 2014-15 სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების შედეგად, ზურა იქნა შერჩეული 8 საუკეთესო პიანისტს შორის Gina Bachauer International Piano Competition-ის ფინალში მონაწილეობის მისაღებად. ჯულიარდის სკოლა ცნობილია განსაკუთრებულად კონკურენტული და მომთხოვნი სწავლის სისტემით. 2014-15 სასწავლო წლის განმავლობაში, ზურამ შეინარჩუნა მაღალი აკადემიური მოსწრება და მაგისტრატურის პირველი სასწავლო წელი დაამთავრა უმაღლესი შეფასბით - 4.00 GPA. ამის საფუძველზე, ზურა მოხვდა Juilliard-Columbia-ის გაცვლით პროგრამაში და 2015 წლის სექტემბრიდან ჯულიარდის პარალელურად ზურა სწავლობს მენეჯმენტს (part-time) კოლუმბიის უნივერსიტეტში. ასევე, ზურა არის განათლების საერთაშორისო ცენტრის ბენეფიციარი (2014-16).
ზურამ მუსიკალური განათლების დაწყებითი ეტაპი გაიარა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის „ნიჭიერთა ათწლედში“, რომელიც წარმატებით დაამთავრა 2010 წელს. 2005 წელს ზურა „გრანპრის“ მფლობელი გახდა საბერძნეთის სახელგანთქმულ ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსზე (Konzerteum), რის შედეგადაც 2006 წელს როგორც „ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა ტალანტი“-ს პრიზის მფლობელი, მიიწვიეს პარიზის ცნობილი პიანისტის შანტალ სტიგლიანის სამუსიკო სტუდია PHILOMUSES-ში სოლო კონცერტის ჩასატარებლად. ეს კონცერტი საფრნგეთის Radio France-ის მიერ ფართოდ გაშუქდა და შესრულების ნაწილი გადაიცა პირდაპირ ეთერში.
2010 წელს, ბაკალავრიატის ხარისხის მოსაპოვებლად ზურამ არჩევანი გააკეთა ფართოდ აღიარებულ ბოსტონის კონსერვატორიაზე, აშშ-ში ცნობილი პიანისტ-შემსრულებლისა და მსოფლიოში აღიარებული პედაგოგის, Michael Lewin-ის კლასში სწავლის პერსპექტივით და Benjamin Kasser-ის პრესტიჟული სასწავლო გრანტით, რაც შეადგენდა დაახლოებით 140,000 აშშ დოლარს ოთხი წლის განმავლობაში. საუკუნოვანი მუსიკალური ტრადიციებით გამორჩეულ ბოსტონის კონსერვატორიის ისტორიაში ზურა იყო პირველი ქართველი სტუდენტი.
ბოსტონის კონსერვატორიაში სწავლის განმავლობაში ზურამ მოიპოვა მრავალი თვალსაჩინო ჯილდო, გრანტი, და საკონკურსო წარმატება. 2011 წელს, სწავლის დაწყებიდან პირველივე წელს, ზურამ გაიმარჯვა Wilfred Churchill-ის სახელობის კონკურსში, რომელიც გამოავლენს ბოსტონის კონსერვატორიის წლის საუკეთესო პიანისტს. ასევე ზედიზედ ორჯერ, ზურა გახდა Alfred E. Lee-ს სახელობის ჯილდოს მფლობელი რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა წლის საუკეთესო ბაკალავრ პიანისტს. ზურამ ბოსტონის კონსერვატორია დაამთავრა 2014 წლის გაზაფხულზე, წარჩინებით და საპატიო Magna Cum Laude-ს ღირსებით.
2011 წელს ზურა იქნა მიწვეული სახელგანთქმულ MusicFestPerugia-ს საერთაშორისო მუსიკის ფესტივალზე იტალიაში სადაც პერუჯას სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა მენდელსონის საფორტეპიანო კონცერტი.
2012-13 წლებში ზურას მიერ წარდგენილი პროექტი ორჯერ იქნა შერჩეული უაღრესად პრესტიჟული Davis Projects for Peace პროგრამის ფარგლებში და მას ორ კოლეგას მიენიჭათ გრანტი 20,000 აშშ დოლარის ოდენობით. დეივისის გრანტის საშუალებით შესაძლებელი გახდა დაგეგმილიყო ორი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებო და საშემსრულებლო პროექტი, ერთი სამხრეთ ამერიკაში ხოლო მეორე ევოპაში, რაც მოიცავდა ერთი თვის განმავლობაში კონცერტების და მასტერკლასების გამართვას ადგილობრივ მუსიკალურ სკოლებში და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. 2014 წლის ზაფხულში, ზურამ მონაწილეობა მიიღო ამერიკის ერთერთ უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ ფესტივალში (Round Top Music Festival).