გამოვიდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სანოტო კრებულების სერიის -„მუსიკალური ალმანახის“ მეორე გამოშვება.
“მუსიკალური ალმანახის” საგამომცემლო სერია 2017 წელს კონსერვატორიის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაარსდა. მასში თავმოყრილია კომპოზიციის მიმართულების პროფესორთა სხვადასხვა ჟანრის ქმნილებები. თუ „ალმანახის“ პირველი გამოშვება ეძღვნებოდა საფორტეპიანო მუსიკას, მეორე დაეთმო სიმებიანი კვარტეტისთვის განკუთვნილ ნაწარმოებებს, რომელთა შექმნის ამპლიტუდა ნახევარ საუკუნეზე მეტია და 1968-დან 2020 წლამდე პერიოდს მოიცავს.
„ალმანახის“ მეორე გამოცემაში შესულია: ნოდარ მამისაშვილის „7 პიესა სიმებიანი კვარტეტისთვის“, ზურაბ ნადარეიშვილის სიმებიანი კვარტეტი #1, გიორგი შავერზაშვილის სიმებიანი კვარტეტი #2, რეზო კიკნაძის "Vier ernste Bagatellen“, ეკა ჭაბაშვილის „პორტრეტები“, მაკა ვირსალაძის „საკვარტეტო ჩანახატები“.
გამოცემის მიზანია მუსიკალური ხელოვნების სამივე სფეროს - საკომპოზიციოს, მუსიკოლოგიურისა და საშემსრულებლოს - ერთიანად წარმოჩენა. პარტიტურას წინ უძღვის ანალიტიკური შინაარსის ვრცელი წინასიტყვაობა და თან ახლავს ინფორმაცია ავტორებისა და შემსრულებლების შესახებ ქართულ-ინგლისურ ენებზე. კრებულს თანდართული აქვს ორი კომპაქტდისკი "იბერი-კვარტეტის" და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სიმებიანი კვარტეტის ჩანაწერებით.
გამოცემის კოორდინატორია ქეთევან ბაქრაძე, რედაქტორია ზურაბ ნადარეიშვილი, წინასიტყვაობის ავტორია ქეთევან ბოლაშვილი. გამოცემაზე მუშაობდნენ: მაია კაჭკაჭიშვილი, მანანა ტაბიძე, დავით ჯანიაშვილი, თინათინ ბარკალაია, პავლე კვაჭაძე.
კონსერვატორია მადლობას უხდის საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს გამოცემის აუდიო ჩანაწერების მომზადების პროცესში ქმედითი თანამშრომლობისა და კავშირის აუდიო ბიბლიოთეკიდან მასალების მოწოდებისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ „მუსიკალური ალმანახში“ ქვეყნდება ემერიტუს ნოდარ მამისაშვილის საკვარტეტო პიესები, რომლის 90 წლის იუბილეს აღნიშნავს წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.