თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ფონდი „ქართული გალობა“ 15 აპრილს თბილისში, რუსთაველის თეატრსა და 17 აპრილს ბათუმის დრამატულ თეატრში გამართავს კონცერტს „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“. საღამოზე შედგება კონსერვატორიის ოთხენოვანი გამოცემის, „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ პრეზენტაცია. წიგნი გასულ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის გამოიცა.
საღამოზე წარმოდგენილი იქნება მე-19 საუკუნის ბოლოს თურქეთში, კერძოდ ინეგოლში (ბურსას პროვინცია, თურქეთი) გადასახლებული აჭარლების ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები. თურქეთში მცხოვრებ ქართველთა შორის ინეგოლის ქართველებმა ყველაზე კარგად შემოინახეს ტრადიციული სასიმღერო და საცეკვაო კულტურა. მათ რეპერტუარშია აფხაზური საცეკვაო ფოლკლორიც. რთული პოლიტიკური ვითარების გამო მე-20 საუკუნის ბოლომდე ინეგოლში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოსთან ურთიერთობა არ ჰქონიათ, ამიტომ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 1960-იან წლებში გოლდის მიერ ჩაწერილი და დღემდე შემონახული სიმღერები და ცეკვები, რომელიც კონცერტზე იქნება წარმოდგენილი, მინიმუმ 150 წლის ხნოვანებისაა. ამრიგად, ინეგოლი ის ოაზისია, სადაც შენახულია უძველესი აჭარული სიმღერები და ცეკვები, რომელთაც არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარების დიდი პოტენციალი აქვთ.
https://www.facebook.com/events/302345423776117/?active_tab=about