ლისის ტბაზე სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება
12.04.2018
14 აპრილს, 12:00 საათიდან, ლისის ტბაზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აღნიშნავს სპორტის საერთაშორისო დღეს, სლოგანით “სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის“ და “იცხოვრე სპორტით თამბაქოს გარეშე“. ამასთან, ღონისძიება მიეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს. სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სპორტი ყველასათვის ფედერაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის და ლისის ტბის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.
ფეხბურთის ტურნირი დაიწყება 10:00 სთ-ზე, ხოლო ღონისძიების ძირითადი ნაწილი - 12:00 სთ-ზე. სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს 25 სახეობის ეროვნული ფედერაცია: კალათბურთი; მეკლდეურობა; მძლეოსნური გარბენი; ჭარდაკი; ნარდი; სკეიტერების საჩვენებელი გამოსვლა; საბრძოლო ხელოვნებების სახეობები; აფროსნობა; მკლავჭიდი; შშმ ფრენბურთი; ქართული ჭიდაობა; კანოე-პოლო; მშვილდოსნობა; სროლა; პეტანკა (რკინის ბურთების სროლა); საავიაციო სპორტი; ფეხბურთი; ბავშვთა რაგბი; ფრისბი; ხელბურთი; ავტომობილების გამოფენა; ჩერლიდინგი; თევზაობის ფედერაცია; მხიარული სტარტები.
ღონისძიებაში, ასევე ჩართულია სამხატვრო უნივერსიტეტის მხატვართა ჯგუფი, რომელიც მხატვრულად გააფორმებს ბავშვებსა და სპორტულ ობიექტს. აღნიშნული ფედერაციები წარმოაჩენენ თავიანთ სახეობებს პროფესიონალი სპორტსმენებისა და მოსახლეობის ჩართულობით. ფედერაციები განლაგდებიან საორგანიზაციო ჯგუფთან წინასწარშეთანხმებულ ლოკაციებზე. მონაწილეები წახალისებული იქნებიან სუვენირებით, გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან თასებით.
|