კონსერვატორიაში აკადემიური გუნდის მიმართულებით სიახლეა:
ჩვენთვის ყველასათვის საყვარელმა და პატივსაცემმა მუსიკოსმა - ბატონმა შალვა მოსიძემ გადაწყვიტა დატოვოს აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიცია, რომელსაც 2012 წლიდან დღემდე იკავებდა.
ბატონი შალვას სახელს უკავშირდება მთელი საგუნდო ეპოქის შექმნა. იგი გორის ქალთა გუნდის დამაარსებელია (1970 წ), რომელსაც 43 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს საგუნდო საზოგადოების დამფუძნებელი, ზ. ფალიაშვილისა და შ. რუსთაველის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის ორგზის კავალერი, წმ. გიორგის ორდენის კავალერი, საერთაშორისო საგუნდო კონკურსების ჟიურის წევრი.
ამჟამად ბატონი შალვა კონსერვატორიის პროფესორია. აქ პედაგოგიური მოღვაწეობა 1976 წლიდან დაიწყო და ჩვეულ, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.
იგი ზრდის საქმეში შეყვარებულ მუსიკოსებს, საგუნდო მუსიკის ნამდვილ პროფესიონალებს.
-----
მიმართულების ახალი ხელმძღვანელი ქალბატონი ლიანა ჭონიშვილი გახდა.
ქალბატონი ლია კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორია, საქართველოს საგუნდო საზოგადოების თავმჯდომარე, დამფუძნებელი, აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების გუნდის ხელმძღვანელი; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი, თბილისის ევგ. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების გამგე, პედაგოგი; საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსის (2015-დან 2019-ის ჩათვლით) დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი; I საერთაშორისო საგუნდო ფესტივალის -„გორი 2016“-ის აღმდგენი და დირექტორი; თსუ-ს კაპელისა და თბილისის ქალთა გუნდის კონსულტანტი; ეწევა აქტიურ საკონცერტო და პედაგოგიურ მოღვაწეობას, საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსებისა და ფესტივალების ჟიურის წევრი.
ვუსურვებთ წარმატებებს და წინსვლას ქალბატონ ლიანას ამ პოზიციაზე.