ნეკროლოგი - ემერიტუსი რევაზ ჯიბლაძე
12.07.2018
ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია იუწყება, რომ გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი, ცნობილი კლარნეტისტი, თბილისის სახ. კონსერვატორიის პროფესორი ემერიტუსი რევაზ ჯიბლაძე.
რევაზ ჯიბლაძე დაიბადა 1933 წლის 5 აგვისტოს ქალაქ ბათუმში. 1962 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კლარნეტის სპეციალობით (ვ. მელენტიევის კლასი), ხოლო 1965 წელს ასპირანტურა.
1960-1984 წლებში იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ჩასაბერი საკრავების ჯგუფის კონცერტმაისტერი; 1962 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ჩასაბერ საკრავთა კათედრაზე, 1977 წლიდან როგორც დოცენტი, 1984 წლიდან პროფესორი, 2007 წლიდან ემერიტუსი; აღზრდილი ყავს კლარნეტზე შემსრულებელთა თაობები, მათ შორის არიან: დ. ჯიშკარიანი, მ. ხუროშვილი, კ. ჯაგაშვილი, დ. დავითაშვილი, ვ. შიშკინი, გ. კოვზირიძე, გ. ნარეშელი, ა. გეჯაძე, რ. ქევხიშვილი, ბ. დიაკვნიშვილი, დ. ჩხაბერიძე, ზ. ჭეიშვილი, ძმები რ. და ჟ. ტურაბელიძეები, ი. ტურაბელიძე, მ. კოღუაშვილი, ვ. რაქვიაშვილი, დ. ჯიშკარიანი (უმცროსი), გ. ოიკაშვილი და სხვ.
რ. ჯიბლაძე წარმატებით მოღვაწეობდა როგორც სოლისტი შემსრულებელი; მისი რეპერტუარი მოიცავდა მსოფლიო მუსიკალური კლასიკის მრავალ ნიმუშს; აქტიურად უწევდა პოპულარიზაციას ქართულ მუსიკას. მისი მაღალი საშემსრულებლო ხელოვნება სტიმულს აძლევდა კომპოზიტორებს კლარნეტისთვის ნაწარმოებების შესაქმნელად, რითაც არაერთი ნაწარმოების დაბადებას შეუწყო ხელი და გზა გაუხსნა მსმენელისაკენ; მის მიერ პირველად შესრულებული ქართული რეპერტუარიდან აღვნიშნავთ: შ. დავითაშვილის კონცერტი N1(1969), N2(1978), N3(1981), რ. კემულარია სონატა კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის(1977), ვ. აზარაშვილი სონატა კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის და მრავალი სხვ..
ბატონი რევაზი გამორჩეული იყო მაღალი პროფესიოლიზმით, არჩეული საქმისადმი ერთგულებით, კეთილსინდისიერებით და კოლეგებს შორის გამორჩეული პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა.
კონსერვატორიის რექტორატი და პედაგოგიური კოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რევაზ ჯიბლაძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და ახლობლებს.
პანაშვიდები: 13 - 14 ივლისი გამოსვენება: 15 ივლისი, 14:00სთ მისამართი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, III მიკრო რაიონი, VI კორპ, VII სადარბაზო, VI სართ.
|