5-9 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ეთნომუსიკოლოგიის ევროპულ სემინარს –
ESEM–2017 უმასპინძლებს.
ESEM არის ამ დარგის საერთაშორისო პრესტიჟული ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურად ევროპის რომელიმე ქვეყანაში აწყობს სემინარს კონფერენციის სახით.
სხვადასხვა დროს სემინარები ჩატარდა ევროპის 32 ქვეყანაში და როგორც წესი, ეძღვნება ეთნომუსიკოლოგიის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს და მას მასპინძლობენ უნივერსიტეტები.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის ცენტრი ESEM საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია და 2002 წლიდან მოყოლებული ორ წელიწადში ერთხელ ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმებს მართავს კონსერვატორიაში. მომავალი სემინარის არა ერთი მონაწილე უკვე ყოფილა ამ სიმპოზიუმების სტუმარი.
ESEM–2017-ისათვის მზადება გასული წლის ბოლოდან მიმდინარეობს, შეიქმნა ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც ცენტრის დირექტორი, დრ. ემერ. პროფ. რუსუდან წურწუმია ხელმძღვანელობს. სემინარში მონაწილეობს 51 (მათ შორის, 8 ქართველი) მეცნიერი მსოფლიოს 19 ქვეყნიდან (მათ შორის, საქართველოდან). სემინარის თემაა „ეთნომუსიკოლოგია 21-ე საუკუნეში“.
ESEM–2017 ტარდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავი იუბილის ფარგლებში.
სემინარის ფარგლებში 4 სექტემბერს 19:00 საათზე მცირე დარბაზში და 5 სექტემბერს 20:00 საათზე დიდ დარბაზში დაგეგმილია ქართული და იტალიური ტრადიციული მუსიკის კონცერტი. აგრეთვე გაიმართება რაჭული და გურული სიმღერის ვორკშოფები სემინარის მონაწილეებისათვის.
სემინარის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ღირსშესანიშნაობებსაც, მოინახულებენ ანანურსა და მცხეთას.
ეთნომუსიკოლოგიის ევროპული სემინარი – ESEM–2017 ჩვენი კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების კიდევ ერთი გამოხატულებაა. ეს სემინარი დასტურია იმისა, რომ ჩვენ უკვე ვართ დიდი ევროპული ოჯახის წევრები და, ასევე, მეტყველებს იმაზე, ევროპულ სამეცნიერო წრეებთან ქართული ეთნომუსიკოლოგიის დაახლოების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ეს კი ქართული კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო აღიარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.