თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა ლორია.
ნანა ლორია დაიბადა ქ. ბათუმში 1947 წლის 12 ნოემბერს. 1967 წელს დაამთავრა თბილისის # 3 სამუსიკო სასწავლებელი, ხოლო 1972 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი და სწავლა განაგრძო ლენინგრადის კინო, თეატრისა და მუსიკის სახელმწიფო ინსტიტუტში, იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ქართული საბავშვო მუსიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები“. ორჯერ გაიარა სტაჟირება პარიზის ნაციონალურ კონსერვატორიაში (1994, 2006). იყო საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა: კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო სკოლაში, სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ნაწილის გამგედ, რადიო და ტელემაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში მუსიკალურ რედაქტორად, ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის საბალეტო განყოფილების, აგრეთვე საქართველოს ტელე-რადიო ინსტიტუტის პედაგოგად.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მუშაობდა 1974 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე _ ლაბორანტიდან და რექტორის რეფერენტიდან დაწყებული, მუსიკის ისტორიის კათედრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლითა და მუსიკის ისტორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორით დამთავრებული. 2000 წლიდან 2014 წლამდე იყო მუსიკის კომპოზიციის და თეორიის ფაკულტეტის დეკანი. კონსერვატორიაში კითხულობდა: დასავლეთ ევროპის მუსიკის ისტორიის, ბალეტის ისტორიის, მუსიკის კრიტიკისა და ჟურნალისტიკის, საბჭოთა კავშირის ხალხთა ისტორიის სალექციო კურსებს. 2016 წელს ჩაატარა ლექციეი სიენის კონსერვატორიაში (იტალია). გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, ხშირად უძღვებოდა თემატურ და მემორიალურ კონცერტებს. იყო სხვადასხვა ტელეგადაცემების ავტორი, წამყვანი, სცენარისტი . . .
გამოქვეყნებული აქვს: „ბალეტის ისტორია“ (2014), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიასთან დაკავშირებული წიგნები (1998, 2007, 2017), მრავალი სამეცნიერო სტატია და რეცენზია, მათ შორის „ქორეოგრაფიული პედაგოგიკის მუსიკალური კონტექსტი“, „ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებაში ხალხური ტირილის გამოყენების ზოგიერთი ასპექტი“, „ბიძინა კვერნაძის ტემბრული აზროვნების საკითხისათვის „ცეკვა-ფანტაზიის“ მაგალითზე“, „La musique géorgienne entre deux siècles“, „Детская музыка грузинских композиторов и ее роль в эстетическом воспитании молодого поколения“ და სხვ.
პროფესორ ნანა ლორიას სახით ქართულ მუსიკოლოგიას გამოაკლდა შესანიშნავი პროფესიონალი და გამორჩეული პიროვნება. პედაგოგიური კოლექტივი და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და თანაუგრძნობენ გარდაცვლილის ოჯახს.
მუსიკის ისტორიის მიმართულება
რექტორატი
პანაშვიდი: 18-19 აპრილი, 17:00 საათი;
გამოსვენება: 20 აპრილი, 14:00 საათზე.
მისამართი: თბილისი, ე.ტატიშვილის (ყოფილი ყაზბეგის) ქ. N6.