12-22 ივლისს აჭარის ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობისა“ და გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტის ინიციატივით სამეცნიერო-სამუსიკო ექსპედიცია ჩატარდება. ექსპედიცია ხორციელდება გერმანული სამწლიანი (2018-2021) პროექტის „ტრადიციული ქართული ვოკალური მუსიკის კომპიუტერული ანალიზი“-ს (Computational Analysis of Traditional Georgian Vocal Music) ფარგლებში, რომელსაც „გერმანული კვლევის ფონდი“ (German Research Foundation) აფინანსებს. პროექტის მთავარი მიზანი უნიკალური ქართული ტრადიციული სიმღერების ახალი ტექნოლოგიებით დოკუმენტირებაა.
ექსპედიციის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივი ტრადიციული სიმღერისა და საკრავებზე შემსრულებლების ჩაწერა ლარინგოფონების გამოყენებით, რაც ტრადიციული მუსიკის ისტორიაში ინოვაციურ მეთოდს წარმოადგენს და რაც ჩაწერილი მასალის ახლებურად, კერძოდ, კომპიუტერულად დამუშავებისა და ანალიზის შესაძლებლობას იძლევა.
ექსპედიციას გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორი, ფრენკ შერბაუმი ხელმძღვანელობს. ექსპედიციის წევრები არიან ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი ნანა მჟავანაძე (გერმანია, პოტსდამის უნივერსიტეტი), დოქტორანტი ეთნომუსიკოლოგიაში ნინო რაზმაძე (თსკ-ის ტმკსც-ის დირექტორის მოადგილე), ოპერატორი უტა ფროინდი (გერმანია) და გალობის უნივერსიტეტის ხმის ჩამწერი სტუდიის მენეჯერი გიორგი ჯოლბორდი (გალობის უნივერსიტეტი). აგრეთვე, ველზე მუშაობის გამოცდილების მისაღებად ექსპედიციაში ჩაერთვებიან გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები.
ხალხური შემსრულებლების თანხმობით ჩაწერილი მასალის გამოყენება შესაძლებელი იქნება სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლელო და სხვა არაკომერციული მიზნებისათვის. რაც მთავარია, მასალა სრულად განთავსდება ელექტრონულ პლატფორმაზე https://www.audiolabs-erlangen.de/resources/MIR/2018-ISMIR-LBD-ThroatMics და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის.
პროექტს, სამეცნიერო-კვლევითის გარდა, სოციალური ფუნქციაც აქვს, ვინაიდან ჩაწერილი აუდიომასალა შემსრულებლებს სასწავლო და სტანდარტული აუდიოალბომების გამოცემის მიზნით უსასყიდლოდ გადაეცემათ. ფონდ „ქართული გალობის“ ხელშეწყობით უკვე დაგეგმილია რამდენიმე გამოცემა.
სამეცნიერო-სამუსიკო ექსპედიცია ხორციელდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, გალობის უნივერსიტეტისა და პოტსდამის უნივერსიტეტის ეგიდით.
გერმანიის კვლევით ფონდთან ერთად პროექტის თანადამფინანსებელია საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“.