თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, მუსიკის ისტორიის მიმართულება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ქართული მუსიკის პატრიარქი, გამოჩენილი მუსიკისმცოდნე, ღირსების ორდენისა და "ხელოვნების ქურუმის" ჯილდოს მფლობელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ემერიტუს-პროფესორი გულბათ ტორაძე, რომლის ნაყოფიერი კრიტიკულ-პუბლიცისტური, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა ექვს ათეულ წელზე მეტს ითვლის და ეროვნული კულტურის ერთგული სამსახურის ნათელი მაგალითია.
ბატონი გულბათის პროფესიული დებიუტი შორეულ 1953 წელს შედგა, მას აქეთ მისი ნაღვაწი, რომელიც ქართულ და რუსულ ენებზე დაწერილ წიგნებს, ბროშურებს, ასეულობით საგაზეთო და საჟურნალო წერილს, რეცენზიას და საჯარო გამოსვლას ითვლის, მუსიკალური კულტურის ყველა სფეროს მოიცავს. ერთი მხრივ ტორაძის ნააზრევი წარმოდგენას გვიქმნის მისი დროის მუსიკალური კულტურის შესახებ; მეორე მხრივ მის შრომებში, წერილებში, როგორც ფოკუსში ისე იყრის თავს გულბათ ტორაძის – პიროვნების, მკვლევრის, ესთეტის უმთავრესი თვისებები: მაღალი პროფესიონალიზმი, ინტერესთა ფართო წრე, მაღალი ინტელექტი, არჩეული საქმისადმი თავდადება და ენციკლოპედიური განათლება. პრაქტიკულად, ქართულ მუსიკისმცოდნეობაში ბოლო ათწლეულებში გამოცემული მრავალი წიგნის თუ სამეცნიერო ნაშრომის რედაქტორიც ბ-ნი გულბათი იყო, რაშიც მას კლასიკური ფილოლოგიური განათლებაც უწყობდა ხელს.
ერთი თავისებურება აქვს მუსიკისმცოდნის და საზოგადოდ, ხელოვნებათმცოდნის პროფესიას; სხვათა შემოქმედების მცოდნისა და მკვლევრის ცხოვრება საზოგადოებისათვის დაფარულია და ჩრდილში რჩება. ქართველ მუსიკისმცოდნეთა შორის გულბათ ტორაძე ყველაზე ცნობადი სახე იყო, რომლის წარდგენა ფართო საზოგადოებას არ სჭირდება; მისი პუბლიკაციები ხომ 65 წლის მანძილზე თითქმის ყოველდღიურად ჩნდებოდა პრესის ფურცლებზე.
გულბათ ტორაძე დაიბადა 1928 წლის 14 ოქტომბერს ქუთაისში. იზრდებოდა თბილისში, უაღრესად კულტურულ გარემოში, მამა – გრიგოლ ტორაძე, მეფის ჯარის ყოფილი ოფიცერი იყო, რომლის მეგობრები იყვნენ შალვა ნუცუბიძე, აკაკი შანიძე, გრიგოლ წულუკიძე... დედა მარიამ (მერი) ჭავჭავაძე და მისი დები – ირინე (ვ. გაფრინდაშვილის მეუღლე) და თამარი (შემდგომში გამოჩენილი მსახიობი თამარ ჭავჭავაძე) დაიბადნენ ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახლში. . . ასეთი იყო ის გარემო, რომელშიც ბ-ნი გულბათი იზრდებოდა; ბავშვობიდან სწავლობდა ფრანგულ და გერმანულ ენებს, გატაცებული იყო ჭადრაკით, გამოდიოდა საკავშირო საჭადრაკო ტურნირებზე. ამ თავის გატაცებასაც, ისევე როგორც ფეხბურთს, გულბათ ტორაძემ შემდგომში არა ერთი წერილი, წიგნი და მოგონება უძღვნა.
გ. ტორეძემ მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში (1941-47 წწ). გამოჩენილ პიანისტთან, პროფესორ ანასტასია ვირსალაძეს-თან, რომლის შესახებაც მადლიერმა მოწაფემ მონოგრაფია - ანასტასია ვირსალაძე დაწერა. თბილისის I საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ 1945 წელს ჩაირიცხა თსუ-ს ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც მისი ხელმძღვანელი იყო აკადემიკოსი ვარლამ თოფურია. უნივერსიტეტში მას ასწავლიდნენ აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, კორნელი კეკელიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, ილია აბულაძე და სხვ.
პარალელურად 1947-52 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტზე მუსიკის ისტორიის განხრით, კონსერვატორიაში მისი პედაგოგები იყვნენ შალვა ასლანიშვილი, გრიგოლ ჩხიკვაძე, პავლე ხუჭუა, ბორის გულისაშვილი, ნიკოლოზ გუდიაშვილი, ხოლო მისი უშუალო ხელმძღვანელი კი იყო ქართული საისტორიო მუსიკისმცოდნეობის ფუძემდებელი და კონსერვატორიაში მუსიკის ისტორიის კათედრის დამაარსებელი პროფესორი ლადო დონაძე, რომლის მიერ დაწყებული საქმის უშუალო გამგრძელებელი გულბათ ტორაძე გახდა. ვერდის ოპერა “ფალსტაფის” თემაზე სადიპლომო შრომის დაცვის შემდეგ, 1952 წელს გულბათ ტორაძემ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში. 1969 წელს ლენინგრადში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ქართული სიმფონიური პოემა”, რომელიც მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ერთ-ერთ კარდინალურ ჟანრად იქცა. მისი ერთ-ერთი პირველი დასავლეთევროპული მუსიკისადმი მიძღვნილი წიგნი, რომელიც დღემდე ყველა ბიბლიოგრაფიულ წყაროებში მოიხსენიება, არის «Леонкавалло и его Паяцы» /1960/.
1952 წელს დაიწყო გულბათ ტორაძის პედაგოგიური მოღვაწეობა საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში. კონსერვატორიაში მუსიკის ისტორიის კათედრაზე მოღვაწეობდა 1953 წლიდან და აღზარდა მუსიკოსთა მრავალი თაობა, მათ შორის თბილისის სახ. კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებელთა უდიდესი ნაწილი.
მუსიკის ისტორიის კათედრას სათავეში ჩაუდგა 1976 წელს. კითხულობდა სალექციო კურსებს რუსული მუსიკის ისტორიასა და მუსიკის კრიტიკაში. სხვადასხვა წლებში იყო კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტის დეკანი, სპეციალიზებული სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი; ქართული ენციკლოპედიის მუსიკის სექციის თავმჯდომარე. კომპოზიტორთა კავშირის მდივანი (1968-1973; 1992-1995).
საქართველოს მუსიკალურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებული ჩვენი შთამომავალნი XX საუკუნის მეორე ნახევრის და XXI საუკუნის დასაწყისის მოვლენების შესახებ წარმოდგენას ქართული მუსიკის მემატიანის, გ. ტორაძის პუბლიკაციების საფუძველზე შეიქმნიან. ტორაძის ნააზრევის გაცნობისას უპირველეს ყოვლისა ყურადღებას იპყრობს მისი როგორც მუსიკის კრიტიკოსის პოზიცია ზუსტად და ოპერატიულად აღნუსხოს არა მარტო მისი თანადროული მუსიკალური ცხოვრება, არამედ გარდასულ დღეთა ფაქტები და მოვლენები, რომლებიც ასეთსავე ესთეტიკურ მიდგომას მოითხოვენ. ამაში კი მას ფენომენალური მეხსიერება, მწერლური ნიჭი და ოსტატობა ეხმარებოდა. პროფესიულ აქტივობას ბოლო დრომდე ინარჩუნებდა. ამის დამადასტურებელია უკანასკნელ წლებში გამოცემული მისი წიგნებიც მუსიკის სამყაროში, ელისო ვირსალაძე, სულხან ცინცაძე, ზაქარია ფალიაშვილი (ლ. დონაძის მონოგრაფიის ტორაძისეული ქართული თარგმანი), "მოგონებები". . . გულბათ ტორაძის მოგონებების უშრეტი წყარო მისი მეხსიერება იყო, რომელშიც საოცარი სიზუსტით არის აღბეჭდილი მოვლენები, ფაქტები, თარიღები. მათი საუკეთესო ნაწილი აკინძული წიგნად “მოგონებები” წარსულის მრავალ საინტერესო ფურცელს აცოცხლებს.
ბატონი გულბათის მუშაობის სტილი საოცარი ოპერატიულობით და პროდუქტიულობით ხასიათდებოდა, რაც კრიტიკოსის აუცილებელი თვისებაა, ამასთანავე მისი სათქმელი ყოველთვის გამოკვეთილი, ფრაზა სხარტად, ლაკონურად ჩამოსხმული, სტილი იმდენად სწორი და გამართული, რომ თვით ყველაზე მკაცრ რედაქტორსაც კი გაუჭირდება მათში რაიმე ნაკლის ნახვა. მიუხედავად ასაკისა, ის იყო ყველგან და ყველაფრის საქმის კურსში, ეხმაურებოდა აქტუალურ მოვლენებს, და არა მარტო მუსიკალურს, არამედ სპორტულს (ჭადრაკი და ფეხბურთი), პოლიტიკურს. იუმორით სავსე მისი საგაზეთო, საჟურნალო ნაკვესები და წიგნი “მუსიკოსები იცინიან” ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ფართო მკითხველში. კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში ბატონი გულბათი ყოველდღიური საგანმანათლებელო მისიის აღმსრულებელი, თვალებგაბრწყინებული, ენერგიული, მისი განუყრელი პორტფელით და "ცხელ-ცხელი" ამბების დასტით ხელში, მისი საგაზეთო წერილების ქსეროასლებით ხელდამშვენებული...
პიროვნული თვისებებიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბატონი გულბათის კეთილმოსურნეობა კოლეგების და სტუდენტების მიმართ, მზადყოფნა პროფესიული დახმარება გაეწია ნებისმიერისთვის. ამავდროულად, უკომპრომისობა მისი ესთეტიკისთვის მიუღებელი მოვლენების, იაფფასიანი არტისტიზმის, პროფესიული რუტინის ან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების მიმართ.
მისი კოლეგებისა და მრავალრიცხოვანი მოწაფეების სახელით გვინდა აწ უკვე გარდაცვლილი ქართული მუსიკის მეტრის წინაშე ქედი მოვიხაროთ და მადლობა ვუთხრათ იმ ღვაწლისათვის, რაც მას ქართული ეროვნული კულტურის და ჩვენი ალმა მატერ-ის წინაშე მიუძღვის.
14 ოქტომბერს 90 წელი შეუსრულდა, ამ მრგვალი თარიღის აღნიშვნას მასშტაბურად ვფიქრობდით, სამწუხაროდ არ დაგვცალდა. . .
თბილისის ვ. სარაჯიშვილისი სახ. სახ. კონსერვატორია
მუსიკის ისტორიის მიმართულება