რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან
23.10.2019
22 ოქტომბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ახლადარჩეული რექტორის - ნანა შარიქაძის შეხვედრა სტუდენტებთან.
ქალბატონმა ნანამ მიმართვის დასაწყისში ხაზი გაუსვა სტუდენტების ძირითად როლს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში. "კონსერვატორია არსებობს სწორედ იმიტომ, რომ არსებობთ თქვენ - სტუდენტები" - აღნიშნა მან.
დასაწყისში რექტორმა მოკლედ მიმოიხილა სამოქმედო გეგმის ძირითადი ნაწილები, შემდეგ კი შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ქ-ნი ნანას თქმით, სხვადასხვა პრობლემატური საკითხების იდენტიფიკაციაში, გადაჭრის გზების მოძიებასა და საჭირო ქმედებების განხორციელებაში აუცილებელია სტუდენტების ჩართულობა. ამისთვის შეიქნმება სამუშაო ჯგუფები სტუდენტების, ადმინისტრაციული რგოლისა და აკადემიური პერსონალის შემადგენლობით. შესაბამისად, განხილვის, აზრების გაცვლის შედეგად ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდება სხვადასხვა მტკივნეული თუ მიმდინარე საკითხების მოგვარება.
სტუდენტებთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკა ხორბალაძე. ადმინისტრაციისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები,სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელი ივერი კეკენაძე, თვითმმართველობის წევრები, ასევე ყოფილი რექტორი რეზო კიკნაძე.
|