კონსერვატორიაში ძველი როიალების ახლით ჩანაცვლების მიმდინარე პროცესში ჩართულნი არიან კერძო პირები, რომელთაც სხვადასხვა სახით დახმარების სურვილი გამოხატეს. მათ შორის არის კონსერვატორიის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი ვალერი მჭედლიძე დედასთან - ნინო სილაგაძესთან ერთად.
მათ საკუთარი როიალი საჩუქრად გადასცეს კონსერვატორიას. ახალმა როიალმა ბინა დაიდო საოპერო სტუდიის სამეცადინო აუდიტორიაში.
კონსერვატორიის სახელით დიდ მადლობას ვუხდით ვალერის და ქალბატონ ნინოს ამ გადაწყვეტილებისთვის.
ვალერი მჭედლიძე:
„ჩემთვის, როგორც კონსერვატორიის სტუდენტისთვის, ძალიან გასახარი იყო, როდესაც ინფორმაცია როიალების პრობლემის შესახებ საყოველთაოდ გაჟღერდა. ეს მოხდა ნოემბერში, საოპერო სტუდიის საპრემიერო სპექტაკლზე „ქეთო და კოტე“; წარმოდგენის დაწყებამდე კონსერვატორიის რექტორმა, ქალბატონმა ნანა შარიქაძემ აუდიტორიას და სრულიად საზოგადოებას მოუწოდა გაერთიანებისკეს, რათა ერობლივი ძალისხმევით კონსერვატორიაში არსებული ამორტიზებული როიალები ნელ-ნელა ჩანაცვლდეს ახლით. ისიც გავიგეთ, რომ საოპერო სტუდიის მიმდინარე სეზონის სამივე სპექტაკლის გაყიდული ბილეთების შედეგად შემოსული თანხა როიალების შესაძენად გადაირიცხებოდა.
ხოლო ბატონმა გოგი ჭიჭინაძემ გამოაცხადა პირველი კერძო შემოწირულობის შესახებ, რომელიც მან გაიღო საზღვარგარეთ დაგეგმილი კონცერტის ჰონორარიდან.
ეს იყო სტიმული ჩემთვის და დედასთვის. მაშივნე გადავწყვიტეთ ჩვენი როიალი საჩუქრად გადმოგვეცა კონსერვატორიისთვის.
მოხარული ვარ, რომ მე და ჩემს ოჯახს საშუალება მოგვეცა შესაძლებლობის ფარგლებში დავხმარებოდით კონსერვატორიას. გვსურს, ჩვენი ნაბიჯი სტიმული იყოს სხვებისთვის.