2019 წლის 12 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას სამუშაო ვიზიტით ეწვია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორი- ზვიად გაბისონია.
ვიზიტი ორ ნაწილს მოიცავდა.
შედგა შეხვედრა კონსერვატორიის რექტორთან, ქ-ნ ნანა შარიქაძესთან და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსთან - მარიკა ნადარეიშვილთან, სადაც განიხილეს ფონდის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტები, ასევე კონსერვატორიის შესაძლებლობები და პოტენციალი ფონდთან თანამშრომლობის მიმართულებით.
მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია არის ერთადერთი დაწესებულება საქართველოში, რომელიც სამეცნიერო-კვლევით მუშაობას მუსიკის ყველა მიმართულებით ახორციელებს. ეს ტრადიცია გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დამკვიდრდა კათედრების დაარსებასთან ერთად. დღეისათვის კონსერვატორიის აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები წარმატებით იკვლევენ ფართო სპექტრის პრობლემატიკას (პრიორიტეტული მიმართულებებია _ძველი ქართული პროფესიული და ხალხური შემოქმედება, სხვადასხვა ეპოქის ევროპული პროფესიული მუსიკა, საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია). მათი კვლევები ხორციელდება როგორც კონსერვატორიის, ისე სხვადასხვა ფონდის , მათ შორის, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტების ფარგლებში.
ვიზიტის მეორე ნაწილში ბატონმა ზვიად გაბისონიამ გამართა პრეზენტაცია, სადაც დამსწრეებს გააცნო ფონდის საქმიანობის ყველა მიმართულება. დეტალურად ისაუბრა რუსთაველის ფონდის მიზნობრიობაზე, გრანტების გაცემის სისტემაზე, მიმდინარე პროცესებზე და სამომავლო გეგმებზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ კონსერვატორიის აკადემიური პერსონალი, მუსიკის თეორიის მიმართულების პროფესორ - მასწავლებლები, შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრის ბოლოს კონსერვატორიის სახელით ბატონ ზვიადს საჩუქრად გადაეცა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის პოლონურ ფლაგმან გამომცემლობაში PWN გამოცემული უნიკალური ნოტები და კრებულები.