16 თებერვალს კონსერვატორიის მცირე დარბაზის ფოიეში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, სხვადასხვა პროექტების განხორციელებისა თუ რესურსების (მათ შორის ინტელექტუალური) გაზიარების გზით, ხელი შეუწყონ როგორც ერთმანეთის კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სახელოვნებო საქმიანობის, აგრეთვე, საზოგადოების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების განვითარებას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.
მემორანდუმის ფარგლებში კონსერვატორიის ინიციატივით განხორციელდება საგამომცემლო პროექტი, რომელიც გულისხმობს ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომპოზიტორის „ქართული საეკლესიო საგალობლების“ ერთობლივად გამოცემას. როგორც ცნობილია, დიდი ქართველი კომპოზიტორისთვის ქართული კლასიკური ოპერის შექმნის გზაზე ჭეშმარიტ შემოქმედებით ლაბორატორიად იქცა ეროვნული ხალხური და სასულიერო მუსიკის შეკრება და შესწავლა - დამუშავება. აღსანიშნავია ისიც, რომ ფალიაშვილის ერთ-ერთი პირველი პუბლიკაცია სწორედ შერეული გუნდისთვის გადამუშავებული წირვის საგალობლებია. 1909 წელს გამოქვეყნებული „საგალობლების“ მეორე გამოცემის აუცილებლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თხზულებისადმი საერთაშორისო მასშტაბით ინტერესის ზრდის ფონზე. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული საგამომცემლო პროექტი გაზრდის ნაწარმოებზე ხელმისაწვდომობას სხვადასხვა საგუნდო კოლექტივისა და მგალობელთა ანსამბლებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; ხელს შეუწყობს ეროვნული კულტურის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით.