Erasmus + საქართველოს ეროვნული ოფისის კვლევის მიხედვით სახ. კონსერვატორია ლიდერი აკადემიური პერსონალის მობილობაში საქართველოს უსდ-ს შორის
2019 წელს Erasmus + საქართველოს ეროვნულმა ოფისმა ჩაატარა კვლევა - "აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობა: გამოცდილება და გამოწვევები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" - რომელშიც ჩართული იყო საქართველოს 32 უსდ. კვლევა დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ.
მოცემული ანგარიში უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო მობილობის პროგრამის (International Credit Mobility – ICM) ბოლო ხუთი წლის შედეგებს მიმოიხილავს. საქართველო ერთ-ერთი ლიდერია პროგრამაში ჩართულ 141 ქვეყანას შორის საერთაშორისო მობილობის პროგრამის მასშტაბის თვალსაზრისით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მობილობის პროგრამაში ჩართულმა ყველა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ.
უნივერსიტეტების ფარგლებში კვლევის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები,აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ხარისხის განვითარების ოფისები. საერთაშორისო მობილობაში ჩართულ ყველა უსდ-ს (32) მიაწოდა ინფორმაცია მონაცემები პარტნიორი უნივერსიტეტების, პროგრამის მონაწილეების, მიზნებისა და შედეგების შესახებ.
აკადემიური მობილობების 70%-ს შემდეგი ხუთი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს: 1. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; 2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; 4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; და 5. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ამ ხუთეულში კონსერვატორია ლიდერობს თსუ-სთან ერთად
ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის შემთხვევაშიც საერთო რაოდენობის უმეტესობას (70%) იგივე ოთხი უნივერსიტეტი ახორციელებს. ამ შემთხვევაში ლიდერს წარმოადგენს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (28%), რიგით მეორე ადგილზეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (20%) და რიგით მესამე ადგილზეა სახელმწიფო კონსერვატორია
სრული ანგარიში იხ. ბმულზე