20 მაისი, 2016 19:00, კონსერვატორიის მცირე დარბაზი გაიმართება არტემ ერქომაიშვილის უნიკალური აუდიოჩანაწერების ალბომის - „მარტოდთქმული მარგალიტები“ , პრეზენტაცია-კონცერტი სადაც წარმოდგენილი იქნება არტემ ერქომაიშვილის (გამოჩენილი ქართველი,ლოტბარი, უკანასკნელი მგალობელ-მომღერალი,) მიერ შესრულებული საგალობლების
სამივე ხმის შეერთებული ნიმუშები. კონკრეტულად 37 ნიმუში, რომლებიც
მრავალფეროვნად წარმოაჩენენ „შემოქმედის სკოლის“ სამგალობლო ტრადიციის
თავისებურებებს.
ისტორიული მნიშვნელობის პროექტი განახორციელა ფონდმა „ქართული გალობა“ და
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია
მგალობელი, სტუდია „მრავალჟამიერის“ ხმის რეჟისორი ილია ჯღარკავა, რომელმაც
მოახდინა ცალცალკე ჩაწერილი ხმების გაწმენდა-რედაქტირება და ხმათა შეერთება.
ალბომში შესული უნიკალური საგალობლები ზუსტად 50 წლის წინ, 1966 წელს,
ფოლკლორისტების, პროფესორ გრიგოლ ჩხიკვაძისა და კახი როსებაშვილის ინიციატივითა
და ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩაიწერა, სულ, 107
საგალობელი.
ჩაწერა ორი მაგნიტოფონის საშუალებით, ე.წ. კომბინირებული მეთოდით,
მიმდინარეობდა. ერთით იწერებოდა ზედა ხმა, მეორის დახმარებით კი არტემ
ერქომაიშვილი თავის ნაგალობევს ჯერ შუა ხმას და შემდეგ ბანს უწყობდა, რასაც მეორე
მაგნიტოფონით იწერდნენ. ამ ჩანაწერების დედნები კონსერვატორიის ხალხური
შემოქმედების კაბინეტის ფონოარქივში ინახება და ტრადიციული ქართული გალობის
ჩვენამდე მოღწეულ ყველაზე მრავალნიმუშიან აუდიოკოლექციას წარმოადგენს.
პრეზენტაციაზე, ალბომში შესული ჩანაწერები მოქმედი ფოლკლორული და სამგალობლო
ანსამბლების მიერ ცოცხლად გაჟღერდება.
მონაწილეობენ ანსამბლები: რუსთავი, ანჩისხატის გუნდი, ბასიანი, დიდგორი, სახიობა,
შავნაბადა, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი
სასწავლებლის სტუდენტური გუნდი.
ალბომის გვერდი: Facebook
პრეზენტაცია-კონცერტის ღონისძიება: Facebook