თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის I კურსის დოქტორანტმა ნინო რაზმაძემ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. იგი სამუსიკისმცოდნეო კვლევების პროგრამაზე ეთნომუსიკოლოგიის მიმართულებაზე ემერ. პროფ.-ის, დრ. რუსუდან წურწუმიასა და დრ. დავით შუღლიაშვილის ხელმძღვანელობით სწავლობს. მისი პროექტი ”ქართული და საქართველოში გავრცელებული ტრადიციული საკრავები” შედარებით ნაკლებადშესწავლილი დარგის, ქართული საკრავებისა და საკრავიერი მუსიკის ინტერდისციპლინურ შესწავლას და მონოგრაფიული ნაშრომის შექმნას ითვალისწინებს.
საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების 376 აპლიკანტი დოქტორანტიდან გამოვლინდა 87 გამარჯვებული, რომელთაგან მან რიგით მეოთხე ადგილი დაიკავა. პროექტი გათვლილია ხუთ სასწავლო სემესტრზე და დაფინანსდა 50 940 ლარით, რაც მოიცავს საველე სამუშაოების, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის, ტექნიკური აღჭურვილობის, საჭირო ლიტერატურის შეძენისა და სხვა ხარჯებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტები ილინოისისა და ოქსფორდის ემერიტუს პროფესორებთან, დარგის აღიარებულ მეცნიერებთან, პროფ. ბრუნო ნეტლსა და ჯერემი მონტაგიუსთან.
2014 წელს ამავე კონკურსის გამარჯვებული გახლდათ ეთნომუსიკოლოგი, დოქტორანტი გიორგი კრავეიშვილი (ხელმძღვ. პროფ. ნატალია ზუმბაძე).
ვულოცავთ ნინოს წარმატებას!