
3 ივნისს, 12:00 საათზე, მწერალთა სახლში (მისამართი: ივ. მაჩაბლის ქ. N13), კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროგრამის მიზნებსა და საკონკურსო პირობებს გააცნობენ.
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის სახელოვნებო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს.
განაცხადების წარმოდგენის ვადაა - 2016 წლის 1 ივნისიდან - 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით (19:00 სთ).
სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ხელოვნების მიმართულებისა და რესტავრაცია/კონსერვაციის დარგის/სპეციალობის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას. დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალეობის პრინციპების დაცვით.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით უნდა წარმოადგინონ - https://app.iec.gov.ge/
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული