• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

კონსერვატორიის გამოხმაურება
17.04.2019

 

 

 

 

 

 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ულოცავს ქართული საეკლესიო გალობის მკვლევრებს, მგალობლებსა და გალობით დაინტერესებულ საზოგადოებას ქართული ტრადიციული ხელოვნების კვლევისადმი საქართველოს მთავრობის მხრიდან გამოხატულ ინტერესს. ამის დასტური გახლდათ 29 მარტს საქართველოს საპატრიარქოში გამართული შეხვედრა ქართული გალობის ანთოლოგიის ტომების გამოცემასთან დაკავშირებით და 12 აპრილს ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობის, ნევმებისადმი მიძღვნილი შეხვედრა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.


ასევე, გულითადად ვულოცავთ ბ-ნ ზაალ წერეთელს ქართული გალობის ტრადიციული გზით (ნევმების გამოყენებით) სწავლების საკუთარი მეთოდის პრეზენტაციას, რამაც, როგორც ჩანს, სტიმული მისცა საქართველოს მთავრობის მეთაურს, ხელი შეუწყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ნევმური დამწერლობის კვლევის საერთაშორისო კონსორციუმის შექმნას.

 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1990-იანი წლებიდან მიმდინარეობს ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობის შესწავლა ნევმებით აღკაზმული ხელნაწერებისა და  ნოტებზე გადატანილი საგალობლების შედარებითი ანალიზით, როგორც ამას მე-19-20 სს. მგალობლები და მეცნიერები გვირჩევდნენ. ამ თემაზე დაცულია ორი დისერტაციაც (1998, 2004), განსაზღვრულია როგორც შუა (X-XI), ისე გვიანი (XVIII-XX) საუკუნეების ნევმური სისტემის ძირითადი კანონზომიერებები, გამოვლენილია ზოგიერთი ნიშნისა და მათი კომბინაციების სავარაუდო მნიშვნელობა, თუმცა ქართული ნევმური სისტემის ამოხსნა კვლავ რჩება გადაუჭრელ პრობლემად.  

 

მოხარული ვართ, რომ მთავრობის ინიციატივა ემთხვევა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ ბრიტანელ მეცნიერთა ჯგუფთან დაწყებულ მოლაპარაკებას ქართული ნევმების ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით კვლევის ერთობლივი პროექტის შექმნის შესახებ. ბრისტოლის უნივერსიტეტის სპეციალისტებს უკვე აქვთ ესპანურ ნევმებზე მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილება. მიმდინარე წლის ზაფხულში დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის მოსამზადებელი შეხვედრა ბრიტანეთში.

 
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართველ და უცხოელ (მათ შორის, ბრიტანელ) ექსპერტთა მონაწილეობით შეიქმნება საერთაშორისო კონსორციუმი, რომლის მიერ გაწეული კვლევითი სამუშაო წარმატებით დაგვირგვინდება და შესაძლებელს გახდის შუა საუკუნეების ქართული ნევმური დამწერლობის საიდუმლოების ამოხსნას.
 

თბილისის სახ. კონსერვატორიის
საეკლესიო მუსიკის მიმართულება
ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი
სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE