ელექტრონული მუსიკალური ბიბლიოთეკის პრეზენტაცია
18.05.2016
27 მაისს, 17:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში გაიმართება კონსერვატორიის ელექტრონული მუსიკალური ბიბლიოთეკის პრეზენტაცია. პროექტი განხორციელდა ფონდ \"ღია საზოგადოება საქართველოს\" უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ბაზაზე საქართველოში პირველი მუსიკალური ბიბლიოთეკა შეიქმნა, რამაც მუსიკალური ბიბლიოთეკის სფეროში ხარისხიანი, ეფექტური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის შექმნით ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში უმაღლესი მუსიკალურ განათლებას.
ვებ-გვერდზე განთავსებულია სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ელექტრონული მასალები, აგრეთვე, ქართველი კომპოზიტორების, ქართული ტრადიციული მუსიკისა და ბიბლიოთეკის რარიტეტული გამოცემები. მასალები ეფექტურად ძიებადი და დისტანციურად ხელმისაწვდომია დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის, რომელშიც, სამომავლოდ, შესაძლებელი იქნება როგორც კონსერვატორიის, ისე სხვა მუსიკალური ბიბლიოთეკების ნებისმიერი ფორმატის (ვიდეო, ფონო, ფოტო, ტექსტობრივი) მასალის განთავსება.
მუდმივადგანახლებადი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მომზადებულია საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ Dspace-ს მოდელზე.
პროექტი 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასაქმდა კონკურსის წესით შერჩეული 11 სტუდენტი, რომლებიც იმუშავებენ მასალების გაციფრებაზე.
პროექტის ორგანიზატორები მხარდაჭერისათვის მადლობას უხდიან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორს, ბ-ნ რეზო კიკნაძეს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბ-ნ ნიკოლოზ ხორბალაძეს და ბიბლიოთეკის დირექტორს, ქ-ნ მაია მეტრეველს, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს უმაღლესი განათლების მიმართულების მენეჯერს, ქ-ნ ხათუნა იოსელიანს და მიმართულების კოორდინატორს, ქ-ნ ნინო კიკნაველიძეს, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს, ქ-ნ რუსუდან ასათიანს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორს, ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. ერმილე მესხიას და მუსიკის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, პროფ. ხათუნა მანაგაძეს, ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის რექტორს, პროფ. რუსუდან ლორთქიფანიძეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, ბ-ნ გიორგი კეკელიძეს და დირექტორის მოადგილეს, ბ-ნ მირიან ხოსიტაშვილს. აგრეთვე, ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოიჩინა გულისხმიერება და ხელი შეუწყო პროექტის განხორციელებას.
საინიციატივო ჯგუფის წევრები:
ნინო რაზმაძე - პროექტის ხელმძღვანელი და კოორდინატორი
ლიანა ხორბალაძე - მთავარი ოპერატორი
გიორგი ხუციშვილი - ტექნიკური რედაქტორი
|