18 დეკემბერს 18:00 საათზე კონსერვატორიის მუსიკის ტექნოლოგიის სტუდიაში შედგება შეხვედრა სანდრო ყანჩელთან.
ვორკშოპის თემა - საავტორო უფლებები
სტუმარი - სანდრო ყანჩელი
სანდრო ყანჩელი დაიბადა 1968 წელს თბილისში. 1974-დან 1985 წლამდე სწავლობდა ა/კ რკინიგზის ქ. თბილისის #1 საშუალო სკოლაში. 1982 წელს დაამთავრა მე-3 მუსიკალური სკოლის შვიდწლედი ფორტეპიანოს სპეციალობით. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ განაგრძო სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში მულტფილმის მხატვრის სპეციალობის შესაძენად. ბოლო ორი სემესტრი მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მულტგაერთიანებაში, სადაც ფილმის წარმოების საფუძვლებს დაეუფლა.
1991 წელს მშობლებთან ერთად გაემგზავრა ბერლინში, სადაც DAAD-ს პროგრამის ფარგლებში გერმანული ენის შესწავლა დაიწყო.
1994 წელს მუსიკალური გამომცემლობისა და ხმისჩამწერი ლეიბლის ECM Records-ის მიწვევით გადასახლდა მიუნხენში და თითქმის რვა წელიწადი პროდუსერის ასისტენტად და პროდუქციის კოორდინატორად იმუშავა. გამომცემლობაში მუშაობის პერიოდში დაეუფლა ბეჭდვითი მედიის დიზაინერის სპეციალობას და მიიღო საფუძვლიანი გამოცდილება საავტორო უფლების, როგორც საგამომცემლო საქმის განუყოფელი ნაწილის მართვაში.
2003-2004 წლებში ცხოვრობდა კიოლნში და როგორც დამოუკიდებელი გრაფიკოს-დიზაინერი მჭიდროდ თანამშრომლობდა ბონის სიმფონიურ ორკესტრთან.
2005-2008 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გრაფიკისა და პროდუქციის სამსახურს. პარალელურად ახორციელებდა არაერთ პროექტს როგორც პროდუსერი და არტ დირექტორი. მაშინვე ჩაუყარა საფუძველი დამოუკიდებელ საგამომცემლო საქმიანობასაც.
2008 წელს დაბრუნდა გერმანიაში და ECM Records-ში მუშაობის განახლებასთან ერთად დამოუკიდებლად ნოტების გამოცემას, საავტორო უფლებების ადმინისტრირებას და მუსიკის ლიცენზირებას მიჰყო ხელი.
გაითვალისწინეთ, რომ გარეშე პირებისათვის გამოყოფილია მხოლოდ 10 ადგილი. დასწრების მსურველებმა უნდა მოგვწეროთ სახელი, გვარი და ტელეფონი მაილზე:
mts@conservatoire.edu.ge