ნეკროლოგი - პროფესორ ეთერ მგალობლიშვილი
04.06.2020
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მწუხარებას გამოთქვამს ქართული საორგანო სკოლის დამაარსებლის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, პროფესორ ეთერ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო. ----------------------------------------------------------------- „ის ცხოვრობდა მუსიკით, მისთვის მხოლოს ეს სამყარო არსებობდა, თავმდაბლობის გამო მისი ჩანაწერების სიმწირე ახლა გულდასაწყვეტი დანაკლისია. კატეგორიულ წინააღმედგი იყო ყველანაირი გადაღებისა და ჩაწერის. (ქვევით გაზიარებული ჩანაწერიც მისგან ფარულად გაკეთდა.) სიცოცხლის მიწურულს ავადმყოფობის გამო თვალის სინათლე დაკარგა, მაგრამ მისი მარჯვენა ხელი მუდმივად დირიჟორობდა, თითები კი გონებაში, გულსა და უმდიდრეს წარმოსახვაში არსებულ კლავიშებზე თანმიმდევრულად მოძრაობდა. ვკითხე, ბახის ქორალს უკრავთ თქო? პასუხად ხელი ამიქნია და ემოციური შორისდებული მოაყოლა, რაც ერთდროულად დადებითი პასუხიც, გულისწყვეტაც და მუსიკის მიმართ თავგანწირული, მარადიული ერთგულების დასტურიც იყო“ - გვიზიარებს ქალბატონი ეთერის მოსწავლე ლია ბაიდოშვილი. --------------------------------------------------------------------- ქალბატონი ეთერ მგალიბლიშვილი დაიბადა 1933 წელს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია. 1964 წელს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გერმანული ფირმის ალექსანდერ შუკეს (”Alexander Shuke”) ორგანის დამონაჟება დიდი მოვლენა იყო, სწორედ ამ პერიოდიდან სათავეში ჩაუდგა კონსერვატორიის საორგანო კლასს. 1971 წელს სტაჟირება გაიარა ქ. ლაიფციგის კონსერვატორიაში(ორგანი), 1979 წელს სტაჟირება ბელგიაში(კომპოზიცია, ორგანი); 1965-2012წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1978 წლიდან დოცენტი, 1990 წლიდან პროფესორი; სხვადასხვა წლებში იყო ლაიფციგში ი. ს. ბახის ტრადიციული საორგანო კონკურსის ერთადერთი ქალი ჟიურის წევრი. ასევე მოსკოვის, ვილნიუსის, გორკის, კიშინიოვის ორგანისტთა საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი; 1977-1978წწ. დააარსა ბიჭვინთის(საკავშირო მასშტაბის) საორგანო მუსიკის ფესტივალი; პედაგოგიურის პარალელურად იგი ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას; ქალბატოი ეთერი გახლდათ საქართველოში მრავალი საორგანო ნაწარმოების პირველი შემსრულებელი. ქალბატონ ეთერ მგალობლიშვილის პანაშვიდები გაიმართება 6 და 7 ივნისს. მისამართი: ჩუბინაშვილის 43. გადასვენება 8 ივნისს ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარში (ჩუბინაშვილის და კლდიაშვილის კვეთაზე) - 14.00 საათზე. გასვენება ტაძრიდან -15.00 საათზე. იხილეთ კონცერტის ბმული:
|
|