2020 წლის 16 მარტს ელექტრონული პორტალი zoom-ის მეშვეობით გაიმართა რექტორთა მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ დაარსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მესამე სამუშაო შეხვედრა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა ელექტრონული სწავლების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.
კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა თამარ ჩხეიძემ კოლეგებს გაუზიარა კონსერვატორიის გამოცდილება ელექტრონულ/დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით და ისაუბრა სამუსიკო განათლების დისტანციურ რეჟიმში განხორციელების სპეციფიურ სირთულეებზე.
შეხვედრაზე იმსჯელეს სტუდენტების შეფასების სისტემის და მისი შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების მოდიფიცირების აუცილებლობაზე, პრაქტიკისა და კვლევის განხორციელების სირთულეებზე. ელექტრონული სწავლებისას პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე, საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით და ელექტრონული სწავლების ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმის შექმნაზე.
აღნიშნულ შეხვედრამდე თბილისის სახ. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მომზადდა კითხვარი ელექტრონული სწავლების შესახებ, რამაც საშუალება მისცა თემატური ჯგუფის წევრებს დაენახათ, თუ რა მდგომარეობაა უნივერსიტეტებში ელექტრონული სწავლების მიმართულებით. შეხვედრისას მოხდა აღნიშნული კითხვარის შედეგების გაზიარება. შეხვედრის შემდეგ კი თემატური ჯგუფების წარმომადგენლებმა სხვადასხვა უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების შესახებ შექმნილი დოკუმენტაცია გაუზიარეს ერთმანეთს. ასევე, დაიგეგმა სამომავლო კვლევები.