“ჩემი ცხოვრების რითმი არის არითმია. ერთი დღე მეორეს არ ჰგავს. არის დღეები, რომელიც სავსეა მუსიკით. არის დღეები, როდესაც სევდა მომეძალება..."
რუსუდან ხოჯავა
თბილისის კონსერვატორიის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ ქალბატონ რუსუდან ხოჯავას გარდაცვალების გამო. (1932 - 2020)
ქალბატონმა რუსუდანმა უკვე 3 წლიდან გამოავლინა განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემები. დაამთავრა ნიჭიერთა ათწლედი ფორტეპიანოს განხრით ვანდა შიუკაშვილის კლასში.
უმაღლესი განათლება მოსკოვის კონსერვატორიაში, ალექსანდრე გოლდენვეიზერის ხელმძღვანელობით მიიღო.
სტაჟირება იქვე გაიარა პროფესორებთან - ი. მილშტეინი, მ. გრინბერგი, ტ. ნიკოლაევა. ეწეოდა ძალზედ აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას მაშინდელი საბჭოთა კავშირის სრულ ტერიტორიაზე, 1959 წლიდან იგი თბილისის კონსერვატორიას შემოუერთდა პედაგოგის სტატუსით.
2013 წელს ემერიტუსის წოდება მიენიჭა.
ქალბატონმა რუსუდანმა აღზარდა პიანისტთა მრავალი თაობა. ბევრი მათგანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურ საკონცერტო, პედაგოგიურ და სხვა სახის კულტურულ აქტივობას ეწევა დღემდე.
ქალბატონი რუსუდანი მრავალი პუბლიცისტური და სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მისი ნამუშევრები მოიცავს მრავალ საკითხს მუსიკის ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და თეოლოგიის სფეროში.
ქალბატონი რუსუდანის სახით ქართულმა მუსიკალურმა საზოგადოებამ დაკარგა ღრმად განსწავლული მუსიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი.
ვწუხვართ, რომ ქავეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო ვერ ვახერხებთ პანაშვიდზე და დაკრძალვაზე ფიზიკურად დასწრებას.
აქვე გთავაზობთ თამრი სხულუხიას ვიდეო-ჩანახატს, რომელიც 2014 წელსაა ჩაწერილი.
https://www.youtube.com/watch?v=vwi0kbg86A0