თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი დაარსებულია კონსერვატორიის დღიდან. საარქივო განყოფილება კონსერვატორიის ისტორიისა და მეხსიერების მდიდარ ფონდებს შეიცავს, რომლებიც ასახავენ კონსერვატორიის ისტორიული განვითარების გზას.

საარქივო ფონდების აღწერა დაწყებულია 1919 წლიდან. დაცული მასალები უშუალოდ ეხება ერთი მხრივ, დიდ მუსიკოსთა პედაგოგიურ და შემოქმედებით მოღვაწეობას, ხოლო მეორე მხრივ, წარმოდგენას გვიქმნის სამუსიკო განათლების განვითარებაზე. კონსერვატორიაში მოღვაწე პედაგოგ-შემსრულებლები მოწოდებულნი იყვნენ და მუდამ ცდილობდნენ სამუსიკო განათლება და უმაღლესი პროფესიული ოსტატობა ქართული და ევროპული ტრადიციების გათვალისწინებით აეყვანათ განვითარების მაღალ საფეხურზე.

საარქივო ფონდებში თავმოყრილია როგორც სტუდენტთა პირველი გამოშვების, ისე ამავე პერიოდიდან კონსერვატორიაში მოღვაწე აკადემიური პერსონალის შესახებ ინფორმაცია, კონსერვატორიის ისტორიასთან დაკავშირებული ძვირფასი და მნიშვნელოვანი მასალები საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებული  მუსიკის მოღვაწეთა შესახებ. უაღრესად საამაყო და მნიშვნელოვანია კონსერვატორიის არქივში დაცული როგორც ქართველ, ისე უცხოელ მუსიკის მოღვაწეთა  პირადი საქმეები, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოში სამუსიკო განათლების, მუსიკალური კულტურის განვითარების საქმეში.

არქივში დაცულია აგრეთვე კონსერვატორიის დაარსების დღიდან სასწავლო პროცესის ამსახველი თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, დაკავშირებული კონსერვატორიის ყოველდღიურ შემოქმედებით ცხოვრებასთან (აფიშები, პროგრამები, ფოტოსურათები, აგრეთვე - ბრძანებები, სამხატვრო-სამეცნიერო საბჭოს ოქმები, საბუღალტრო ხარჯთაღრიცხვა და სხვ.).

კონსერვატორიის, როგორც პროფესიული სამუსიკო განათლების კერის დაარსების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს და სხვადასხვა დროს მუსიკის სხვადასხვა დარგებში მოღვაწეობდნენ: ე. ვრონსკი, ფ. კესნერი, მ. ლედნიკი, მ. იუდინა, კ. მინიარი, ი. აისბერგი, ა. გაუკი, ა. იოხელესი, ლ. ტრუსკოვსკი, ე. ბროჯი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი, ვ. ვილშაუ, ჰ. ნეიჰაუზი, ნ. ნიკოლაევი, თ. ჰარტმანი, ი. ლევინი, დ. გროსმანი, ჰ. ცომიკი, მ. ზატულოვსკი, ა. რაბინოვიჩი, ი. ტიულინი, ვ. კუფტინა, ნ. კლენოვსკი. აგრეთვე ა. თულაშვილი, ა. ვირსალაძე, ლ. დონაძე, პ. ხუჭუა, ო. დიმიტრიადი, შ. მშველიძე, ა. მაჭავარიანი, ლ. იაშვილი, ლ. შიუკაშვილი, ვ. შიუკაშვილი, შ. შანიძე, ვ. დავიდოვა, დ. მჭედლიძე, დ. ანდღულაძე, ზ. ანჯაფარიძე, ბ. კრავეიშვილი და მრავალი სხვა.

არქივში დაცულია კონსერვატორიის ყოფილი სტუდენტების რ. კერერის, დ. ბაშკიროვის, ლ. ვლასენკოს პირადი საქმეები, მსოფლიოში ცნობილი ვიოლინჩელისტის რაია გარბუზოვას შესახებ ინფორმაცია, მასალები ლადო ათანელის, პაატა ბურჭულაძის, საქართველოს სახელმწიფო კვარტეტის, ნ. გამგებელის შესახებ და სხვა.

მთავარი სპეციალისტი: თინათინ დოლიძე

 

კონტაქტი: არქივი

ტელ: (+995 32) 299 51 94

email: archive@tsc.edu.ge


სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 11:00 - 17:00 სთ.